ფესტივალის ისტორია

მოგესალმებით,

ფესტივალის იდეა 2014 წელს გაჩნდა. მაშინ არ არსებობდა ალტერნატიული, ადგილობრივ მუსიკალურ ჯგუფებზე/ინდივიდუალურ შემსრულებლებზე და საავტორო მუსიკაზე ორიენტრირებული პროექტი. მხოლოდ დიდი კონცერტები ტარდებოდა და ადგილობრივი მუსიკოსები თითქმის ყოველთვის უყურადღებოდ რჩებოდნენ. მოკლედ, დიდი პრობლემა გვქონდა, შემდგარ მუსიკალურ პროექტებად ჩამოვყალიბებულიყავით ბათუმში მყოფი ახალგაზრდები. ძირითადად, ვიკრიბებოდით ჩემ მიერ შექმნილ სივრცეში, რომელსაც EREDELI’s Bar (2012 - 2014) ერქვა და იმ სარდაფში ხდებოდა კონცერტების ორგანიზება, არ ჰქონდა მნიშვნელობა გამოცდილი მუსიკოსი იყავი თუ დამწყები.


გიორგი შენგელია. EREDELI's Bar


რობი კუხიანიძე და გია დიასამიძე (Outsider). EREDELI's Bar


ყველას გვინდოდა რაღაც გაგვეზიარებინა. 2014 წელს, აჭარის ა.რ. სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის მხარდაჭერით, შევძელით Black Sea Sound-ის დაწყება. ასევე, რომ არა მუსიკოსების და მეგობრების მხარდაჭერა, პროექტი ვერ განხორციელდებოდა, ჰონორარზე ზედმეტი იყო საუბარი. ახლა მთავარი პარტნიორი აჭარის განათლების კულტურისა და სპორტის სამინისტროა, კონცერტებს საგანმანათლებლო კომპონენტი დაემატა, ასევე ქუჩის მუსიკის კონცერტები და მუსიკასთან ერთად ხელოვნების ფესტივალად ვყალიბდებით, დიდი გეგმებით.


Irakli Pagava & Groovephonics. Black Sea Sound 2014


ბევრი საინტერესო პროექტის გახორციელება მოვახერხეთ, ამ წლების განმავლობაში, რომელიც ორიენტირებული იყო მუსიკალური ჯგუფების მხარდაჭერაზე, აჭარის რეგიონში. ერთ-ერთი ვფიქრობ ყველაზე წარმატებული და საჭირო იყო, როდესაც მუსიკოსებს დავუმზადეთ ვებგვერდები, სტუდიური ჩანაწერები, ორგანიზება გავუწიეთ ფოტოსესიებს და კონცერტებს.


Asea Sool.

პროექტი: მუსიკოსები ბათუმში.

მონაწილე მუსიკალური პროექტები: Asea Sool, Melomaniakk, Irakli Pagava & Groovephonics.


თუ წინა წლებში „დიდი კონცერტები“ ქალაქში მათ გარეშე ტარდებოდა, დღეს, თითქმის ყველა შემდგარი მუსიკოსი/ჯგუფი მონაწილეობს ქალაქის სხვადასხვა მასშტაბურ პროექტში. ეს ყველაფერი გამოიწვია მუსიკოსების იდეების, პროექტებად შეკვრამ, რაც ვფიქრობ, აუცილებელია.

ფესტივალის ფარგლებში, მუსიკოსებს არჩევს ჩვენი გუნდი, თუმცა სარეგისტრაციო ფორმაც გვაქვს, სადაც ყველას შეუძლია მოგვაწვდინოს ხმა. მუსიკოსებს ეთმობათ ქუჩაში მოწყობილი სივრცეები, ასევე ხდება კონცერტების ორგანიზება, ღია ცის ქვეშ და ბათუმის დრამატულ თეატრში.

საავტორო მუსიკის მასობრივად წარმოდგენა, მისი გაზიარება არის ყველაზე მთავარი მიზანი. სამწუხაროდ ბაზარზე მხოლოდ ცნობილი ჰიტების მოთხოვნა ხდება დამკვეთის მიერ, რის გამოც, მუსიკოსები ვერ ვითარდებიან შემოქმედებითად.

ვცდილობთ ჩარჩოებში არ მოვექცეთ, რადგან ეს კიდევ უფრო შეზღუდავს საქართველოში, კერძოდ ბათუმში მოღვაწე მუსიკოსებს. ფესტივალის მიზანია მუსიკოსების მხარდაჭერა, ამიტომ ვმუშაობთ, რომ მუსიკალურად მრავალფეროვანი და ხარისხიანი პროგრამა გვქონდეს.

ერთ-ერთი მთავარი აქტივობა, ვფიქრობ, არის ვორქშოფების და შეხვედრების ნაწილი, სადაც სხვადასხვა წარმატებული ადამიანი უზიარებს გამოცდილებას მუსიკოსებს, არტ მენეჯერებს და უბრალოდ, დაინტერესებულ ახალგზარდებს. ეს ნაწილი უფრო უნდა გავააქტიუროთ და მასიური გავხადოთ, რადგან აქ ხდება გამოცდილების გაზიარების გარდა კონტაქტი. კონტაქტის შედეგად შეიძლება დიდი იდეები დაიბადოს და გახორციელდეს. 


კეთილი სურვილებით,

ფესტივალის ავტორი და ორგანიზატორი

ლევან გელიაშვილი ერედელი

პარტნიორები